ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

მძღოლის ჩვენებით, ლევან ჯანგველაძე ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა

ოთარ ფარცხალაძე

მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მძღოლის, გია ჩადუნელის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, ჯანგველაძე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ჩადუნელის თქმით, პირველი შეხვედრა შარშან ზაფხულში გაიმართა.

"შარშან, ზაფხულში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს მივედით, კორპუსის პირველ სართულზე შევიდა, დაახლოებით, ერთი საათი შიგნით იყო. თვითონ ლევანისგან ვიცოდი, რომ ფარცხალაძეს შეხვდა. ნორმალურ ხასიათზე იყო, ისევ "ამბასადორში" დავბრუნდით. კითხვები არ დამისვამს". - თქვა ჩადულენმა.

IPN-ს ინფორმაციით, პროკურორის კითხვაზე, აღნიშნულ შეხვედრაზე მიქაძეები ნახა თუ არა იქ, უპასუხა, რომ "დაზუსტებით ვერ იტყოდა".

ჩადუნელმა ასევე გაიხსენა ფარცხალაძესთან ჯანგველაძის კიდევ ერთი შეხვედრის ეპიზოდი, რის შემდეგაც, ჩადულენილს ჩვენების მიხედვით, ლევან ჯანგველაძე, მისი განცდით, გაკვირვებული და პირველი შეხვედრიდან რადიკალურად განსხვავებულად იყო.

"ფინანსურ პოლიციაში წავედით, თქვა, ოთარ ფარცხალაძეს უნდა შევხვდეო. იქ დაახლოებით, ნახევარი საათი დარჩნენ. ჯანგველაძეს თანმხლები პირი მოჰყვებოდა, ხელი ჩამომართვა, გადამეხვია, ერთმანეთს მივესალმეთ, თავში დამარტყა, რომ ეს იყო ოთარ ფარცხალაძე, სხვა კომუნიკაცია და ნაცნობობა მასთან არ მქონია". - თქვა ჩადუნელმა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს, 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა. 

როგორც უძილაურის ადვოკატმა, მარიამ ტაბატაძემ მედიას განუცხადა, საქმეში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალა არ დევს და "არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა".

ტაბატაძემ 18 მარტს თქვა, რომ გელა უძილაურმა ჩვენება მისცა, ასევე მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში.

12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

17 სექტემბერს დავით მიქაძეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა. საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლაშა მაისურაძე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს - ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 

ცნობისთვის, 19 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.  

კომენტარები