საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო.
"ყველაფერს თვითონ ამბობს, რაც სათქმელია. მე კომენტარს არ გავაკეთებ" - თქვა ზურაბიშვილმა TV პირველთან საუბრისას.
"ჩემი სიტყვა არ ყოფილა არაფერი ეკლესიის საწინააღმდეგო, არაფერი სწავლების საწინააღმდეგო. მე მხოლოდ ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ რუსეთი მუდმივად გვებრძვის და რუსეთმა დაგვიპყრო. ვაკრიტიკებ მათ მოქმედებას ჩვენ მიმართ და ვაკრიტიკებ მთავრობას, რომელიც საერთოდ რუსეთს ვერ ახსენებს.
გუშინ სოხუმის დაცემის დღე იყო. ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა მოხდა იქ. რუსს ვერ აქებენ, იმიტომ რომ ხალხის ეშინიათ და ვერ აგინებენ, იმიტომ რომ რუსების ეშინიათ, იმიტომ რომ მათია. აი ამას რო ვამბობ, ეს ვისაც არ მოსწონს, ერში თუ ბერში, ის ავტომატურად რუსის არის. ის ავტომატურად მტრის მხარესაა და თუ ვინმე მიწუნებს, მიწუნებს იმის გამო, რომ ვამბობ, რომ მტერია. ოცნება მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს" - თქვა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას.
27 სექტემბერს TV პირველმა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, დოროთე ყურაშვილისა და სამი სასულიერო პირის - მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის - საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც სასულიერო პირებმა, მამა დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციებსა და სინდისის პატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებზე, ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
შაბათის ეთერის ცნობით, ჩანაწერი 16 სექტემბერს, საპატრიარქოს შენობაში, მეორე სართულზეა გაკეთებული.
"საპატრიარქოში შეხვედრის ჩაწერა მოსვლისთანავე ითხოვა მამა დოროთემ, არ გვითქვამს უარი და არც გვიკითხავს რაში დასჭირდებოდა ეს.
და ტვ პირველი არ ასახელებს, ვინ მიაწოდათ ჩანაწერი" - ასე გამოეხმაურა ჩანაწერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.





