გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე: მზად ვარ, მივიდე პროკურატურაში და ვუპასუხო შეკითხვებს

ივანიშვილის სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი ზღაპრებს უწოდებს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას სუს-ის მიერ მის გატაცებასთან დაკავშირებით. 

ოხანაშვილის თქმით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და მზადაა საჭიროების შემთხვევაში უწყების შეკითხვებს უპასუხოს.

"ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა, მათ შორის, მართალია ზღაპრებთან, მაგრამ მის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო პროცესი წარიმართება პროკურატურაში. მე მზად ვარ, რა თქმა უნდა, პროკურატურას თუ ექნება შეკითხვები მივიდე და გავცე პასუხები. [...]

ეს ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ დავაკავეთ, სადაც დავაკავეთ ეს ინფორმაცია განთავსებულია, ჩვენ ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ, შესაბამისად, ნებისმიერ მის სხვა ამ ზღაპრებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას. მიუხედავად ზღაპრებისა, გამოძიება დაწყებულია, ვინაიდან ამისი ვალდებულება იყო. ბევრ ზღაპარს მოისმენთ კიდევ, დაელოდეთ". - უთხრა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

გიორგი ბაჩიაშვილმა 9 ივნისს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის სუს-მა გაიტაცა ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავით, რომლის ბორტზეც ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

"ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაციას, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს" - თქვა ბაჩიაშვილმა.

20 ივნისს, სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა თქვა, რომ გატაცების შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებიდან 3 კვირა გავიდა, თუმცა საქმეზე "არცერთი მოქმედება არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რის საქმის კურსშიც ვართ. არ ვარ ცნობილი დაზარალებულად, არავინ არ დაკითხული ჩემს გარშემო".


27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

მოგვიანებით, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მადლობა გადაუხადა ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის "წარმატებით ჩატარებისთვის".

მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, გიორგი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაუცვალა.

კობახიძის თქმით, ეს "მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა" და პოლოლიკაშვილის კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ მან "სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა".

"ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. მიზეზი იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს". - თქვა კობახიძემ.

თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

კომენტარები