გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ივანიშვილმა ბაჩიაშვილი მას მერე გაათავისუფლა, რაც მისგან ბიტკოინები მიიღო

ივანიშვილმა ბაჩიაშვილი მას მერე გაათავისუფლა, რაც მისგან დანაშაულის აღიარება და ბიტკოინები მიიღო. 

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ტაბულას ბაჩიაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა. 

მოგვიანებით, სამთავრობო მედიამ პროკურატურის კომენტარი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბაჩიაშვილმა "სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე". 

ტაბულა უწყებასთან დაკავშირებას და ინფორმაციის დამოუკიდებლად მიღებას ცდილობს. 


გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. 

2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად." 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.

2025 წლის 25 თებერვალს ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ერთ, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის წარუდგინეს. 

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, მტკვარი ჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს, რის შემდეგაც კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაწერა, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხის დირექტორმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გია ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს, 22 აგვისტოს გადადგა პენიტენციურის ხელმძღვანელი ბეჟან ობგაიძეც. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, შესაძლოა “კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”. 

29 სექტემბერს, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებაში ედებათ. იქამდე, ბაჩიაშვილს მშობლების  ანგარიშებს და აქტივებს ყადაღა დაედო.

30 სექტემბერს ბაჩიაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მისაჯეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. იმავე დღეს ბაჩიაშვილის დედას მარინა რამაზაშვილისა და მამას, ალექსანდრე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

8 ოქტომბერს, გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.  9 ოქტომბერს სუს-მა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა. უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლა, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს. 

10 ოქტომბერს გია ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

კომენტარები