გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

კობახიძე ქემოკლიძეზე: მნიშვნელოვანია ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გია ქემოკლიძის დაკავების შესახებ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რადგან უფრთხილდებიან იმ მიღწევას, რომელიც აქვთ სასჯელაღსრულების სისტემაში. მისი თქმით, რადიკალურად შეცვალეს ვითარება და არცერთი წამების თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში.

"პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია, ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. ნუ მოტივი გასაგებია ხომ, ლოგიკურად ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, შესაძლოა, ეს იყოს პატიმრისთვის რაღაცა მდგომარეობის შეცვლა გარკვეული მიმართულებით, მე ვერ გეტყვით, ეს უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, გამოძიებამ.

თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე, წამების, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტად იყო ქცეული ციხეები და ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ვითარება, არცერთი წამების თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს.

თვითონ ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც გამოდიან ციხიდან, აღიარებენ იმას, თუ როგორ არის რადიკალურად შეცვლილი ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში და როგორ არის თავიდან ბოლომდე დალაგებული და აწყობილი სისტემა. ამიტომ ამ მიღწევას ბოლომდე ვუფრთხილდებით და, შესაბამისად, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი." - თქვა  კობახიძემ.

9 ოქტომბერს სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა.

უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლეს, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".  

"საბოლოოდ, მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში" - წერს სუს.

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

უწყების ცნობითვე, "გუშინდელ დღემდე" არცერთ მოწმეს არ უხსენებია აღნიშნული 2 პატიმრის ბაჩიაშვილთან შესახლების შესახებ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს.


ცნობისთვის, 21 აგვისტოს  N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ასევე თანამდებობა დატოვა პენიტენციურის უფროსმაც, ბეჟან ობგაიძემ.

7 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები