ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
ბაჩიაშვილმა დღეს, 4 მარტს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან საქართველო დატოვა.
როგორც სადრაძე ამბობს, ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.
"ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ცნობილი გახდა სოციალური ქსელის მეშვეობით. როგორც მოგეხსენებათ, მის მიმართ გამოყენებული არის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ასევე დამატებითი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დატოვების აკრძალვას, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმაციისა და თანხმობის გარეშე, ასევე პასპორტები ჰქონდა ჩამორთმეული. ბუნებრივია ფაქტობრივი მოცემულობა რაც გვაქვს, საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად დაიწყება გამოძიება. ბუნებრივია, რა შედეგებიც იქნება ამის შესაბამისად, სამართლებრივი შეფასება და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ამაზე იქნება დამოკიდებული". - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, მას არ ჰქონდა იმფორმაცია ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ.
"როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც, მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა ამ პოსტის შემდეგ, არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად". - თქვა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
დღეს, 4 მარტს საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. სხდომაზე იკითხება გერმანელი ექსპერტი, რომელმაც ივანიშვილსა და ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
"აუდიოფაილი მომზადებულია სმარტფონის მეშვეობით, ჩანაწერზე მონტაჟის კვალი არ დადასტურდა, ეს არ არის ვარაუდი, დადასტურებით ვამბობ, რომ ფაილი მანიპულირებული არ არის". - თქვა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე.
25 თებერვალს პროკურატურამ ბაჩიაშვილს ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდება წაუდგინა.
საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.
სხდომაზე თურნავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია".
ბაჩიაშვილის მტკიცებით, "არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა" და ივანიშვილს მხოლოდ სესხის სახით დახმარება სთხოვა, რომელიც შემდეგ გადაიხადა.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





