ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე მოსამართლეები და პროკურორები - მათ შორის, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შოთაძე.
"მე იმის მომსწრე ვიყავი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იყო თუ არა, მოსამართლეები და პროკურორები მასთან რა სიხშირით დადიოდნენ. მე ზუსტად ვიცი, ივანიშვილს ყველა ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან რა სიხშირისა და ინტენსივობის კომუნიკაცია ჰქონდა და მისი კონტროლის შესახებ. მე არცერთი ჩვეულებრივი ადამიანი არ მეგულება, ვის სახლშიც მოსამართლეები ყოველთვის იმ დროს იკრიბებიან, როცა სასამართლო რეფორმა ხორციელდება - იმ დროს, როცა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები მიმდინარეობს, როგორიც იყო თუნდაც რუსთავი 2-ის საქმე [...]
ირაკლი შოთაძე სულ იქ იყო ხოლმე, ასევე მიხეილ ჩინჩალაძე. ლევან მურუსიძის სახეც მახსოვს - სულ დადიოდნენ ხოლმე. მე ივანიშვილთან კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ დავდიოდი და აქედან, დაახლოებით, ნახევარი დრო ჩემამდე იყვნენ ან პროკურორები, ან მოსამართლეები". - თქვა ბაჩიაშვილმა TV პირველთან საუბარში.
ბაჩიაშვილის თქმით, 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი მას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაფორმებას სთავაზობდა.
"ბიძინა ივანიშვილი მთავაზობდა, რომ რუსთავი 2 ვითომ მე უნდა გამეფორმებინა, რაზეც მაშინ უარი ვუთხარი. შესაბამისად, გამოდის, რომ მე ივანიშვილისგან ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე მქონდა, სანამ რუსთავი 2-ის საქმე დასრულდებოდა - იმიტომ, რომ ის უკვე ეძებდა, თუ ვისზე გაეფორმებინა ეს ტელევიზია". - ამბობს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილი ასევე ამბობს, რომ ე.წ. გლობალური ომის პარტიის ნარატივს მის თვალწინ თხზავდნენ.
"გლობალური ომის პარტიის ნარატივი ჩემ თვალწინ ითხზებოდა და სანამ ამას ზაზა შათირიშვილი გამოაქვეყნებდა, მე შემომთავაზეს, რომ ზუსტად იგივე შინაარსის წერილები მე გამომექვეყნებინა, რაზეც უარი ვუთხარი, რადგან ივანიშვილის საქმეებში არსად არანაირი გლობალური ომის პარტიისა და გარე ძალის კვალი არ იმჩნეოდა:. - ამბობს ბაჩიაშვილი.
ეს განცხადებები ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც დღეს, 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მისი პროცესი გაიმართება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.