საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე გამოიკითხა.
"ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია" - თქვა თურნავამ.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მთავარი კითხვა ნათია თურნავასთან არის, ნახა თუ არა რამე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ამტკიცებს ივანიშვილის ინვესტორობას.
"ქართუ ბანკი ეროვნულ ბანკს 2006 წლიდან არ დაუჯარიმებია. შესაბამისად, ვერ დააჯარიმებდა ვერც ნათია თურნავა და ვერც სხვა ეროვნული ბანკირი იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ივანიშვილი პირადად მართავს ეროვნული ბანკის მმართველებსაც, პროკურატურასაც, მოსამართლეებსაც... მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააჯარიმებდა, თუ ეს ივანიშვილს დასჭირდებოდა. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ივანიშვილს დასჭირდა. ამიტომაც იქნება ძალიან ბევრი კითხვა თურნავასთან" - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა მედიასთან.
პოლიტიკოსის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, სებ-მა ბანკი ქართუ შეგნებულად, ივანიშვილის დავალებით დააჯარიმა, "რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ქართუმ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი "პადსტავნოი"( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა".
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





