ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს ჩაუტარდა.
ბაჩიაშვილის თქმით, ექსპერტიზის მიერ წარდგენილი დოკუმენტი "სასაცილოა", რადგან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სატელეფონო საუბარში მისი და ივანიშვილის ხმები "ვერ ამოიცნო".
"დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ დაადგინა, ვერ იცნო, ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში, ამით ყველაფერი ცხადია. უბრალოდ სასაცილოა ეს დოკუმენტი. უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოს ეს ჩანაწერი იყო მონტაჟზე დაქვემდებარებული და ვერც კი ამოიცნეს ჩემი და ივანიშვილის ხმა. შინაარსია 10-წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადია, რომ საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, როდესაც მე ვთხოვ ივანიშვილს, რომ დახმარება გამიწიოს ქართუ ბანკში სესხის მიღებაში, არანაირ ინვესტიციაზე აქ საუბარი არ ყოფილა". - უთხრა ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





