TV პირველი ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. ჩანაწერში ბაჩიაშვილი ივანიშვილს ბიტკოინების შესაძენად, ქართუ ბანკიდან სესხს სთხოვს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი 2015 წლის 30 ივლისით თარიღდება.
"ნატოს [ხაინდრავა - ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე] შევხვდი დღეს დილით, სესხზე დაელაპარაკე ბატონ ბიძინასო" - ეუბნება ივანიშვილს ბაჩიაშვილი სატელეფონო საუბრის დასაწყისში.
ჩანაწერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ივანიშვილს ეუბნება, რომ
ყიდულობს "6-ნახევარი მილიონი დოლარის კონტრაქტს, რომელიც არის ფასიანი ქაღალდი პრინციპში", ბაჩიაშვილის თქმით, 1-ნახევარს თვითონ დებს, 5 მილიონი კი ბანკიდან სჭირდება.
"ივანიშვილი - ყიდულობს მაგ იმას, რას ეძახი მაგას შენ? ბიტკოინს ყიდულობს. ეგრევე გაძლევს მაგ ბიტკოინებს?
ბაჩიაშვილი - ყოველდღიურად თანაბრად გამოდის.
ივანიშვილი - როგორ აფორმებ მეთქი ამ გარანტიას, ეს მაინტერესებს პრინციპი გარანტიის, ბანკით რომ დაგეხმაროთ და...
ბაჩიაშვილი - ... ამ კომპანიას ანგარიში აქვს ბანკში, მე ფულში ვახურდავებ ეგრევე. რომ ის რისკი არ ავიღო.
ივანიშვილი - ეგ ხო ლიკვიდური არ არის, როგორ ახურდავებ შენ მაგას?
ბაჩიაშვილი - დღეში 200 მილიონია ლიკვიდურობა ბიტკოინის.
ივანიშვილი - რამდენია დღეში?
ბაჩიაშვილი - 200 მილიონი დღეში, კი.
ივანიშვილი - ეგეთი ბრუნვა აქვს დღეში? 200 მილიონის?
ბაჩიაშვილი - კი.
ივანიშვილი - ეგ უკვე სერიოზული კომპანიაა.
[...]
ივანიშვილი - ეგ ნატოს აუხსენი შენ ყველაფერი?
ბაჩიაშვილი - ეგ ბრუნვები აღარ ავუხსენი, მე მაინც არ ვიციო და.
ივანიშვილი - ... აბა ერთი აუხსენი შენ ნატოს კიდე რა, რომ გაიგოს რა არის ეგ ბიტკოინი, დრო აიღეთ, რაღაც ერთი ნახევარი საათი, რომ აუხსნა ეგ ბიტკოინი რა არის" - ისმის ჩანაწერში.
ჩანაწერში ივანიშვილი ამბობს, რომ ქართუ ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს.
"ივანიშვილი - გასაგებია, შენ შეიძლება გარისკო, მაგრამ ბანკს არ მოუნდეს გარისკვა. თუ გამოვა ეგ, ბანკისთვის არის ჩვეულებრივი პროცენტი ხო?
ბაჩიაშვილი - შემიძლია პროცენტი მაღალი მივცე, როცა გამოვა, ანუ მასეც შემიძლია გავაკეთო.
ივანიშვილი - ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს, შესაბამისად, რისკს იზარებს იგივეს".
ჩანაწერის მიხედვით, ივანიშვილი და ბაჩიაშვილი სესხის პროცენტზეც თანხმდებიან.
"ივანიშვილი - ბანკმა რისკში თუ მონაწილეობა მიიღო, მოგებაში ცოტა ჩაუნაწილე და ეგ იქნება რა.
ბაჩიაშვილი - მივცემ, არ არის პრობლემა კაცო. დავუშვათ "სტავკა" იყოს 10% სიტყვაზე და ბოლოში, რომ დაიფარება კიდე 5%-ს მივცემ, 15 გავხადოთ".
ივანიშვილი ბაჩიაშვილს ეუბნება, რომ კიდევე ერთხელ შეხვდეს ნატო ხაინდრავას და მასთან გაიაროს დეტალები.
"აბა ნატოსთან მოახერხე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა დავულაგოთ და მერე იქიდან დამირეკეთ კიდე ორივემ ერთად, ან ცალ-ცალკე დამირეკეთ, რომ მოტეხვა არ გამოვიდეს რა. თუ ზედმეტი რისკებია რამე გაჩვენებს, იქნებ შენც კი დაგაფიქროს" - ეუბნება ივანიშვილი ბაჩიაშვილს.
ტელეკომპანია პირველი ასევე ავრცელებს იმავე დღით, 2015 წლის 30 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტსაც, რომლის მიხედვითაც ქართუ ბანკის საკრედიტო კომიტეტმა ბაჩიაშვილისთვის სესხის დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.
ივანიშვილ-ბაჩალიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სასამართლოზე მტკიცებულებად ბაჩიაშვილის ადვოკატმა 2024 წლის გაზაფხულზე წარადგინა.
2025 წლის 12 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე აუდიოჩანაწერის ავთენტურობაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინეს. მაშინ ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სატელეფონო საუბარში მისი და ივანიშვილის ხმები "ვერ ამოიცნო".
19 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიაში ჩატარებულმა ალტერნატიულმა ექსპერტიზამ მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





