ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი, ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. უწყება ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საუბარია მტკვარი ჰესის პროექტზე, პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის მაისში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, შპს ,,ჯი სი ეფ პარტნიორები“ - იგივე თანაინვესტირების ფონდი დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან 2019 წლის მაისამდე ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას გიორგი ბაჩიაშვილი იკავებდა და შემდგომ 2023 წლამდე ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.
2014 წლის ნოემბერში, თანაინვესტირების ფონდმა კომპანია ,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო.
იმავე წელს, კომპანია ,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს ,,მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა. თავდაპირველი გათვლებით მტკვარი ჰესი მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო.
მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა, გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.
შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით - 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში მეორე გამოძიებაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც პროკურატურამ შვეიცარიულ ბანკს მიმართა ბაჩიაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.
"აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აგრძელებს მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის გზითაც. გამოძიების საწყის ეტაპზევე პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტურ უწყებებს, შვეიცარიაში მდებარე BANK JULIUS BAER-დან საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით". - წერს უწყება.
საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.
სხდომაზე თურნავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია".
ბაჩიაშვილის მტკიცებით, "არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა" და ივანიშვილს მხოლოდ სესხის სახით დახმარება სთხოვა, რომელიც შემდეგ გადაიხადა.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





