აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნინი ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურნენ.
სენატორებმა განცხადებაში ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გაიმეორეს და ივანიშვილის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობის მცდელობები დაგმეს.
"ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, სრული ღალატია ქართველი ხალხის ცხადი და აბსოლუტური სურვილისა, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების [გარემოცვაში]. ასე იქცევა არა ის მთავრობა, რომელიც დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმისკენაა მიდრეკილი, არამედ სახიფათო რეჟიმი, რომელსაც საქართველო რუსული სტილი ავტოკრატიისკენ მიჰყავს. ეს ქმედებები უხეშად არღვევს დემოკრატიის საერთაშორისო ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას - ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის მანქანების, ცემის, მასობრივი დაკავებების ადგილი თბილისის ქუჩებში არ არის. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზეა პასუხისმგებელი, ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩვენს განგრძობად სოლიდარობასა და მოქმედებას მოითხოვს". - წერია სენატორების განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც. განცხადებაში, რომელსაც ხელს უილსონი და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი სტივ კოენი აწერენ, წერია, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა არალეგიტიმურია. ამასთან, კომისია გმობს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას და ამბობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ჰელსინკის კომისიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს იმ პირების დასჯისკენაც მოუწოდა, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და არჩევანის თავისუფლებას ზღუდავენ, აშშ-ს ახლანდელ და მომავალ ადმინისტრაციებს კი მოუწოდა, რომ ქართველ ერს დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენაში მხარი დაუჭიროს.
უილსონმა, რომელიც აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვიდანაა, იმავე დღეს X-ზე დაწერა, რომ აშშ-მ ქართული ოცნება - "რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები" უნდა დაასანქციროს.
"რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები უნდა დავასანქციროთ, რომლებიც ქართველ ხალხს ესხმიან თავს და მათი სუვერენიტეტს ართმევენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც და მისი ლაქიები. მადლიერი ვარ, რომ ამას 2020 წლის რესპუბლიკური უსაფრთხოების საბჭოს ანგარიშში ვითხოვდი წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელ სპიკერ მაიკ ჯონსონთან და მომავალ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკლ უოლცთან ერთად". - წერდა უილსონი.
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".
რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 და 30 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმმა მომიტინგეები ისევ დაარბია. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა.