აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და მისი დემოკრატი კოლეგა, ჯინ შაჰინი საქართველოში ივანიშვილის მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შემდეგ მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტის წლისთავის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
"ერთი წლის წინ ამ დღეს, საქართველომ თანამედროვე ისტორიაში ახალი, ბნელი თავი დაიწყო. საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზის გაგრძელების დაპირების შემდეგ, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდა მხარს, მთავრობამ შეცვალა თავისი პოზიცია და დაარღვია კონსტიტუციური ვალდებულება. საპასუხოდ, ქართველები ცვლილებების მოთხოვნით და მთავრობის მიერ ამომრჩევლის ნების უგულებელყოფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გასამართად ქუჩებში გამოვიდნენ.
გასული წლის განმავლობაში, ამომრჩევლების შეშფოთების მოგვარების გზების ძიებისა და პოლიტიკურ ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა მათი პროტესტის ჩასახშობად ავტორიტარული კანონების მიღებით, პოლიტიკური ოპოზიციის დაპატიმრებითა და აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინებითა და შეერთებული შტატებისა და მისი საელჩოს წარმომადგენლების მიმართ ცილისწამებით.
საქართველოში პოლიტიკური ძალადობის გამწვავების ფონზე, ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დევნა. როგორც ამერიკელები აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ ქართველი ხალხი თავის თავისუფლებას არაფრის ფასად არ თმობს.
როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ღრმად ვართ დაინტერესებულები ქვეყნის წარმატებით. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ შეცვალოს კურსი, აღადგინოს პოლიტიკური თავისუფლებები საქართველოში და დაუბრუნდეს დემოკრატიული მმართველობის გზას".





