ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გახარია: გუშინდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი ლაქა

გიორგი გახარიამ ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესების ღალატად შეაფასა.

"ჩვენდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, გუშინდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი ლაქა. 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქართული ოცნება ანტიკონსტიტუციური ქმედებების სპირალში შევიდა. ეს იყო: პარლამენტის სხდომის პირველი, უკანონო დღე; უკანონოდ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე; უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა; პრეზიდენტის უკანონოდ არჩევის პროცედურა - ამან ყველაფერმა, მიიღო როგორც საქართველოს მოქალაქეების პროტესტი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი შეფასებები.

საბოლოო ჯამში, გაყალბებული არჩევნების შედეგად ლეგიტიმაციის ჰაერში ჩამოკიდებამ ქართული ოცნება ყველაზე მძიმე ნაბიჯამდე მიიყვანა - ეს იყო გაცხადებული, კოლექტიური, სახელმწიფოს ინტერესების ღალატი, რომელიც ივანიშვილის დავალებით, პირდაპირ ეთერში, უკანონოდ არჩეული პრემიერმინისტრის მიერ განხორციელდა. რომელმაც, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აჩერებენ. საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალია, რომ დღეს გავერთიანდეთ და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე დავაბრუნოთ". - თქვა გახარიამ.

გახარიამ 28 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დაზარალებულ ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ჟურნალისტთა კორპუსს, რომელიც გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად, ბრძოლით საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და იმ დაკავებულ და დაზარალებულ ადამიანებს იცავდნენ, რომლებიც გუშინ იძულებული გახდნენ, საქართველოს ევროპული მომავალი ქუჩაში დაეცვათ". - განაცხადა გახარიამ.

ქართული ოცნების განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, კობახიძის თქმით, ისინი 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის მხრიდან ყველანაირ საბიუჯეტო გრანტზე.


28/29 ნოემბრის მოვლენები:

ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა

დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

კომენტარები