ჰეზბოლა

ჰეზბოლას ახალ ლიდერად ნასრალას ყოფილი მოადგილე, ნაიმ ყასემი აირჩიეს

ნაიმ ყასემი
Photo: Associated Press/Bilal Hussein

ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილის შემდეგ დაჯგუფების ახალ ლიდერად ნაიმ ყასემი აირჩიეს

ყასემი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის მოადგილედ 1991 წელს იმდროინდელმა ლიდერმა, აბას ალ-მუსავიმ დანიშნა. თავად ალ-მუსავი 1992 წელს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, მისი ავტოკოლონის დაბომბვის შედეგად გაანეიტრალა, რის შემდეგაც ჰეზბოლას ლიდერად აწ უკვე გარდაცვლილი ნასრალა აირჩიეს. 

აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ნასრალას მისი დეიდაშვილი, ჰაშიმ საფი ალ-დინი ჩაანაცვლებდა, თუმცა 23 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ საფი ალ-დინი 4 ოქტომბერს, ბეირუთზე საჰაერო თავდასხმისას მოკვდა.

ჰეზბოლამ პირობა დადო, რომ ნასრალას პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, სანამ "გამარჯვება არ მიიღწევა". 


28 სექტემბერს ჰეზბოლამ და ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაჯგუფების ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი დაადასტურა.

27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.

როგორც შემდგომში გაირკვა, ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.

კომენტარები