ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების უფროსი მეთაური, შეიხ მუჰამად ჰამადი ლიბანის ქალაქ მუშგარატანში, საკუთარ სახლთან მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰამადის საკუთარი სახლის წინ ორი სხვადასხვა მანქანიდან ექვსჯერ ესროლეს.
მომხხდარიდან მალევე ლიბანში დაიწყო გამოძიება. ერთ-ერთი ლიბანური გამოცემის, ალ-ნაჰარის მტკიცებით, მკვლელობის მიზეზი რამდენიმეწლიანი პირადი დაპირისპირებაა და მას პოლიტიკური მოტივები არ აქვს.
მკვლელობამდე 3 დღით ადრე, ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.





