IDF-ის თქმით, ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელურმა წყარომ მათ განუცხადა, რომ დარტყმის მთავარი სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. ამას გარდა, ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, იერიშის მომენტში შტაბ-ბინაში ჰეზბოლას მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

თუმცა, ისრაელური წყაროს თქმით, IDF-ისთვის ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა ნასრალა ისრაელის იერიშში.

ამავდროულად, მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ბეირუთში ისრაელის ბოლო იერიშია ასახული:

19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო.

IDF-ის ცნობით, ბოლო დღეებში ისრაელმა ჰეზბოლას 1 600-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისინი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ ააშენა.

25 სექტემბერს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა მოკავშირეებმა ჰეზბოლასა და ისრაელს ლიბანი-ისრაელის საზღვართან მყისიერად 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს. თუმცა, მოგვიანებით ისრაელმა ჰეზბოლასთან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების წინადადება უარყო.

კომენტარები