ჰეზბოლა

REUTERS: ჰეზბოლას არსენალში რუსული "იახონტის" რაკეტები აქვს

სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტულ დაჯგუფება ჰეზბოლას არსენალში აქვს რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთა გამოყენება ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ს გემებზე იერიშების მიტანისთვისაა შესაძლებელი. 

გასულ კვირას, ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ აღნიშნა, რომ დაჯგუფება ფლობს შეიარაღებას, რომელთა გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული ამერიკული გემების წინააღმდეგ გამორიცხული არ არის.

ამასთან, როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ჰეზბოლას ლიდერი საუბრობდა იახონტის რუსულ რაკეტებზე, რომელთაც 300 კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ. Reuters-ი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მანამდე არსებული ინფორმაციით, ჰეზბოლამ რაკეტები სირიაში იყიდა. სააგენტოს ცნობითვე, ტერორისტული დაჯგუფება, რუსული რაკეტების გარდა, სხვა შეიარაღებასაც ფლობს. 

როგორც კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ჰეზბოლას არსენალში რუსული იახონტის რაკეტების არსებობის შესახებ. 

ისრაელი ამჟამად ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ომშია ჩართული. პარალელურად, ისრაელსა და ჰეზბოლას, რომელიც ჰამასს უჭერს მხარს, ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები მიაქვთ. 

კომენტარები