დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ჰეზბოლას ლიდერი შესაძლოა, ნასრალას დეიდაშვილი, ჰაშიმ საფი ალ-დინი გახდეს

ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ახალი ლიდერი შესაძლოა, დაჯგუფების აწ უკვე გარდაცვლილი ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას დეიდაშვილი, ჰაშიმ საფი ალ-დინი გახდეს. 

60 წლის საფი ალ-დინი ნასრალასთან ერთად ტერორისტულ დაჯგუფებას 1980-იან წლებში შეურთდა. იგი ჰეზბოლას აღმასრულებელი და ჯიჰადისტური საბჭოების თავმჯდომარეა. 

ნასრალას მსგავსად, ისლამის დამაარსებლის, მუჰამედის შთამომავლობის ნიშნად ჰაშიმ ალ-დინი შავ ჩალმას ატარებს. 

როგორც შიიტი შეიარაღებული დაჯგუფებების ექსპერტი, ფილიპ სმიტი ამბობს, ნათესაური კავშირის გამო, ნასრალას მსგავსი იერი და მუჰამედის შთამომავლის სტატუსი მის არჩევას ჰეზბოლას ლიდერის პოზიციაზე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წლის ივნისში, ისრაელის მიერ ჰეზბოლას ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურის, თალებ აბდალას ლიკვიდაციის შემდეგ საფი ალ-დინი ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციით დაიმუქრა. 

"მტერი ტირილისა და დატირებისთვის უნდა მოემზადოს", - დაიმუქრა საფი ალ-დინი აღნიშნული მეთაურის დაკრძალვის ცერემონიაზე. 

2017 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰაშიმ საფი ალ-დინი ტერორისტად გამოაცხადა.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს ჰეზბოლამ და ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაჯგუფების ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი დაადასტურეს.

27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.

როგორც შემდგომში გაირკვა, ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.

ჰასან ნასრალა ჰეზბოლას ერთ-ერთი დამფუძნებელია. 1992 წელს, 32 წლის ასაკში ნასრალა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი გახდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა მისი წინამორბედი, აბას ალ-მუსავი სამხრეთ ლიბანში, ალ-მუსავის ავტოკოლონის დაბომბვის შედეგად გაანეიტრალა. 

კომენტარები