ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ბლინკენი იერუსალიმში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივის აეროპორტში, 2023 წლის 16 ოქტომბერი
Jacquelyn Martin/Reuters

მედიის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს, 16 ოქტომბერს იერუსალიმში ჩავიდა. აქ ის არაბულ ქვეყნებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელელ ოფიციალურ პირებს შეხვდება.

იერუსალიმში ბლინკენი ჩავიდა თელ-ავივიდან, სადაც აეროპორტი მდებარეობს. ადგილობრივი ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იერუსალიმისკენ დაახლოებით 35 წუთის სავალზე სამხედრო მანქანების კოლონამ გაიარა, გზა კი ისრაელის დროშებით იყო გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ისრაელში პირველი ვიზიტისას ამერიკელი დიპლომატი იერუსალიმში არ ჩასულა და სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, თელ-ავივში გამართა.

ისრაელიდან ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მეფეს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს შეხვდა. იმავე დღეს, 13 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ სამ არაბულ ქვეყანას - კატარს, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს ეწვია და მოლაპარაკებები გამართა.

ისრაელში დაბრუნებამდე ბლინკენი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტესაც სტუმრობდა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები