ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრას "ძალიან პროდუქტიულად" აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

15 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. მისი თქმით, მას პრინცთან  "ძალიან პროდუქტიული" შეხვედრა ჰქონდა. 

ბლინკენი ამბობს, რომ  მისი ვიზიტების მიზანი არაბულ ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენაა, რათა მათ გამოიყენონ ბერკეტები ჰამასის მძევლების "დაუყოვნებლივ და უპირობო" გათავისუფლებისთვის და გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ კონფლიქტის არეალი არ გაფართოვდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აღნიშნავს, რომ როგორც ბლინკენმა, ასევე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, "ორივემ დაადასტურა მათი ერთობლივი ვალდებულება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები