ისრაელის არმიამ დღეს, 22 ნოემბერს, განაცხადა რომ ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ ახალი საჰაერო იერიშები მიიტანეს მას შემდეგ, რაც ღაზის სამხრეთ ნაწილში ტერორისტმა ისრაელელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, თავდამსხმელმა მანქანით ის "ყვითელი ხაზი" გადაკვეთა, სადამდეც სამხედროებმა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ დაიხიეს. IDF-ის მიხედვით, ტერორისტმა ამისთვის "ჰუმანიტარული მარშრუტი გამოიყენა, რომლის მეშვეობითაც ჰუმანიტარული დახმარება შედის" ღაზის სამხრეთ ნაწილში. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზევე მოხდა.
ამასთანავე, IDF-ის განცხადებით, ინციდენტი "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას" წარმოადგენს, რის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები მიიტანა.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან იერიშების პასუხად ჰამასი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებით დაიმუქრა.
ამასთან, გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც აშშ-ს აზრით, მანამდე ჰამასის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე პასუხი იყო.
აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, ჰამასის ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა ღაზაში, ჰუმანიტარული მარშრუტის სიახლოვეს მყოფ ისრაელელ სამხედროებს. ამავე მაღალჩინოსნის მიხედვით, უცხოეთში მყოფი ჰამასის ლიდერები ემხრობიან ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას, თუმცა ადგილზე დაჯგუფების წევრების გაკონტროლებას ვერ ახერხებენ.





