გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, 13 დეკემბერს ქალაქ ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად ისრაელმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გავლენიანი მეთაური, რაად საადი მოკლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განცხადებაში დაადასტურა, რომ იერიშის დროს მიზანში ამოიღეს ჰამასის "მთავარი" წევრი, რომელიც ბოლო თვეებში "ჩართული იყო დაჯგუფების შეიარაღების აღდგენისა და წარმოების ძალისხმევაში", თუმცა, IDF-ს საადის სახელი არ უხსენებია.
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, დადასტურებულია, რომ მანქანაზე საჰაერო იერიშს საადი ემსხვერპლა. მაღალჩინოსნის მიხედვით, იერიში ისრაელმა მას შემდეგ მიიტანა, რაც საადის ადგილსამყოფლის შესახებ უახლესი სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს.
ამასთან, Axios წერს, რომ საჰაერო იერიშის შესახებ ისრაელმა აშშ-ს წინასწარ არ შეატყობინა.
Times of Israel-ის ცნობით, საადი ღაზის სექტორში შემორჩენილი ჰამასის მცირერიცხოვანი სამხედრო ხელმძღვანელობას შორის იყო და დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, იზ ალ-დინ ჰადადის შემდეგ გავლენით რიგით მეორე წევრად ითვლებოდა.
საადი ასევე 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის გეგმის შემუშავებაშიც იღებდა მონაწილეობას და ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გადაურჩა ისრაელის მხრიდან მოკვლის მცდელობებს.





