ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი: სანამ ამერიკა არსებობს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ სანამ ამერიკა იარსებებს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა.

"გზავნილი, რომელიც მე ისრაელს ჩამოვუტანე, არის შემდეგი - თქვენ შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ თავად დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ამერიკა არსებობს, თქვენ ამის გაკეთება არასდროს მოგიწევთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით". - თქვა ბლინკენმა. 

თავის გამოსვლაში ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება საგანგებო სიტუაციების ეროვნული მთავრობის შექმნას. მან ამ გადაწყვეტილებას ისრაელის საზოგადოების ერთიანობა უწოდა.

გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა აშშ-ს მიერ ისრაელისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. მისი თქმით, ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პირველი ტრანში უკვე ისრაელშია, ხოლო დახმარების დამატებით სხვა პაკეტები - გზაში. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში ისრაელის უსაფრთხოებაზე აბსოლუტური, ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს". - თქვა ბლინკენმა. 

ბლინკენმა გამოსვლაში ასევე გააკრიტიკა ისინი, ვინც ჰამასის მიერ ისრაელზე ტერორისტული იერიშების მიტანის შესახებ ორაზროვნად საუბრობს. 

"ამ სისასტიკის გამართლება არ არსებობს. ეს არის და უნდა იყოს მომენტი მორალური სიცხადისთვის". - თქვა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი ისრაელში დღეს, 12 ოქტომბერს ჩავიდა. მას თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები