ეძგვერაძეზე თავდასხმა

დეკანოიძე გლდანში თავდასხმაზე: შესაძლოა, მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

Khatia Dekanoidze / Facebook

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ გუშინ, 22 სექტემბერს გლდანში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაკავებული ნიკა მელიას წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლისა საქმე აღიძრას. 

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ ორაზროვანი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. რაც გულისხმობდა შემდეგს - თითქოს ნიკა მელია და კიდევ ორი ადამიანი დაპატიმრებულები არიან ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ამ განცხადებას მოყვა მეორე განცხადება, რომელიც ორგანიზებული ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებას, ანუ სისხლის სამართლის მიმართულებით ორმაგი სტანდარტის გამოყენებას გულისხმობს.

თუ ხელისუფლებას დასჭირდა და, როგორც ჩანს, აპირებს კონკრეტულად რომელიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მე არ გამოვრიცხავ, ეს იყოს ნიკა მელია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ უწყობს საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით". - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო წერდა, გლდანში სამი ადამიანი დააკავეს და ამასთან ერთად, მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყეს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებულების "მეგობრები და თანაპარტიელები", რომლებმაც "სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

კომენტარები