ეძგვერაძეზე თავდასხმა

გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე, შსს-მ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, გლდანში სამი ადამიანი დააკავეს და ამასთან ერთად, მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყეს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

უწყება წერს, რომ 22 სექტემბერს ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლები პირების დაზიანების ფაქტზე შეტყობინება შევიდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი "დახვდათ რამდენიმე პირი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის, მათ შორის სისხლნაჟღენთი დაზიანებები".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებულების "მეგობრები და თანაპარტიელები", რომლებმაც "სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

"დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს". - წერს შსს.

რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს, შსს წერს, რომ მათ საავადმყოფოში გამოკითხვაზე უარი თქვეს და განმარტეს, რომ ჩვენებას სასამართლოში მისცემენ.


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

კომენტარები