ეძგვერაძეზე თავდასხმა

გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ეძგვერაძე
ნენე დალაქიშვილი

22 სექტემბერს გლდანში, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძისა და მისი თანხმლები პირების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული 6 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე მომდევნო სხდომა კი 16 ნოემბერს ჩაინიშნა. 

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულებიდან 3 პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მიმალვასა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. 

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულების მიმართ პატიმრობა გამოყენებულიყო [...] ბრალდებულებიდან 3 პირზე წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა ის, რომ ისინი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დატოვებას ცდილობდნენ [...] ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობდა და არსებობს მიმალბის რეალური საფრთხე". - თქვა პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, 23 სექტემბერს ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

ამავე ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები