ეძგვერაძეზე თავდასხმა

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

ირაკლი ეძგვერაძე
ნენე დალაქიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

"მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები". - აცხადებენ შსს-ში.

უწყება ასევე სამ დაკავებულზე წერს, რაშიც სავარაუდოდ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა იგულისხმებიან - შსს-ს ცნობით, მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არიან.

"ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა". - აცხადებენ შსს-ში.

22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

კომენტარები