ეძგვერაძეზე თავდასხმა

მელია, დოლიძე, კუპრავა გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელია
ტაბულა

გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაკავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

დაკავებულები დარბაზიდან უკვე გაათავისუფლეს. 

22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. 22 სექტემბერს პარტიის განცხადებით, დააკავეს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

კომენტარები