ეძგვერაძეზე თავდასხმა

მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება, ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფები – ეძგვერაძე

ენმ-ის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ. ეძგვერაძე შემთხვევას 22 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების გლდანის მააჟორიტარ დეპუტატთან, კოტე ზარნაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს. 

"რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო.

მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ, დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეონდნენ ასე. მეძახნდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ". - ამბობს ეძგვერაძე.

ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ ფეხბურთელს, კახაბერ ალადაშვილსაც. ალადაშვილი ამბობს, რომ 40-50 ადამიანი მათ მოულოდნელად დაესხა თავს.

"40-50 კაცი მოულოდნელად მოგვივარდა. კრიმინალური ავტორიტეტი, გუჯა შუკაკიძე ვიცანი [...] კონსტანტინე ზარნაძესთან დაახლოებული პირები იყვნენ. ზარნაძე კახა კალაძის უახლოესი მეგობარია, ეს ყველამ კარგად იცის [...] 40-50 ადამიანი სასტიკად გაგვისწორდა. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. შემიძლია, ვთქვა, რომ სიკვდილს გადავურჩით. პირადად მე, ავტოფარეხში სავარჯიშო გირები მაქვს და გირი ჩამარტყეს ორჯერ, გამთიშეს". - თქვა ალადაშვილმა მთავარ არხთან საუბარში.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე სავარაუდოდ, დააკავეს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. ამასთან ერთად, სავარაუდოდ დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბაჩო დოლიძე.

კომენტარები