ეძგვერაძეზე თავდასხმა

გლდანში მომხდართან ზარნაძეს და მე კავშირი არ გვაქვს – კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან არც მას და არც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს არავითარი კავშირი არ აქვთ. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იყო მორიგი სიბინძურე ოპოზიციონერი ნიკა მელიას მხრიდან, რომელიც იმ "ე.წ "შპანას" ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ".

"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა და გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებში. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ შემდეგ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა, ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად, ის რაც მოხდა, უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე, რას წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა.

ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, ეს არ გამოუვიდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ "ქუჩის ბიჭობდა" და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია. ნიკა მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად. ის ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს გააკეთებს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან, მაგრამ მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე. ეს არის სიმართლე და რეალობა". - თქვა კალაძემ.


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. 

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები