ეძგვერაძეზე თავდასხმა

მელია: ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით

კადრი ვიდეოდან/ტვ პირველი

გლდანში მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებული ოპოზიციონერების სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.

"წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. უბრალოდ, ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე, კრიმინალები, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით და მეც, ჩვენც დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და მოძალადეებს შორის, პირდაპირი გაგებით, რომლებიც თავს დაესხა ჩვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს, არანაირი განსხვავება არ აქვს. ისინი ფეხაწყობილები, ხმაშეწყობილები, სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში. ეს მაინც ძალიან კარგად ვიცი, 2020 წლიდან დღემდე მოყოლებული რა ხდება კონკრეტულად გლდანის რაიონში. იქ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს რამდენიმე პირი და არიან პირდაპირ დაკავშირებულია პოლიციასთან, მოქმედებდნენ ერთობლივად. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით". - ამბობს მელია.

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა უკვე გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო სხდომა 23 ოქტომბრამდე გადაიდო.


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. 22 სექტემბერს პარტიის განცხადებით, დააკავეს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

კომენტარები