სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ECOWAS-სა და ნიგერს შორის მოლაპარაკებებმა თითქმის უშედეგოდ ჩაიარა – AP

ECOWAS-ის კომისიის პრეზიდენტი, მუსა ტორი, ECOWAS-ის საგანგებო დესპანი ნიგერში, გენერალი აბდულსალამი აბუბაქარი, ნიგერის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი და სოკოტოს სულთანი ალჰაჯი მუჰამედ საად აბუბაქარ მესამე ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში. 2023 წლის 19 აგვისტო
AP Photo, File

The Associated Press ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის დელეგაციასა და ნიგერის სამხედრო ხუნტას შორის 19 აგვისტოს გამართულმა დაახლოებით ორსაათიანმა მოლაპარაკებებმა თითქმის არანაირი შედეგი არ გამოიღო.

ECOWAS-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებებს პირველად დაესწრო ხუნტის ლიდერი, გენერალი აბდურაჰმან ტჩიანი. მან ბლოკისგან ეკონომიკური სანქციების მოხსნა მოითხოვა და თქვა, რომ მათ გამო ნიგერის მოსახლეობა იტანჯება.

შეხვედრის დროს ხუნტის ლიდერებმა ბლოკის უპატივცემულობისთვის ბოდიშიც მოიხადეს, თუმცა ბაზუმის აღდგენის შესაძლებლობა ისევ გამორიცხეს.

ECOWAS-ის დელეგაციასთან საუბრისას ტჩიანიმ გამოთქვა შეშფოთებაც, რომ საფრანგეთი, რომელსაც ნიგერში 1 500 ჯარისკაცი ჰყავს, აქტიურად გეგმავს ხუნტაზე თავდასხმას.

შეხვედრიდან მალევე, ტჩიანიმ სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქვეყანა სამოქალაქო მმართველობას სამი წლის შემდეგ დაუბრუნდება, აღნიშნულის განსახორციელებლად დეტალური გეგმა კი მომდევნო 30 დღის განმავლობაში, ეროვნული დიალოგის გზით შემუშავდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას გადავლახავთ და კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ერთად ვიმუშავებთ, რაც ყველას ინტერესშია". - თქვა ხუნტის ლიდერმა.

19 აგვისტოს მოლაპარაკება ნიგერის გარშემო დაძაბულობის დასაცხრობად და ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის აღსადგენად მშვიდობიანი გზის მოსაძებნად ECOWAS-ის უკანასკნელი მცდელობა იყო. ბლოკი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის აღდგენას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო ინტერვენციით იმუქრება.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა 18 აგვისტოს ნიგერში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ განას დედაქალაქ აკრაში მეორე და დასკვნითი მოლაპარაკებებიც გამართეს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების თარიღზეც უკვე შეთანხმდნენ.

როგორც პოლიტიკის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ECOWAS-ის კომისარმა, აბდელ-ფატაუ მუსამ თქვა, სამხედრო ოპერაციაში ბლოკის თითქმის ყველა წევრის მონაწილეობას ელოდებიან, გარდა ასევე სამხედრო ხუნტების მმართველობის ქვეშ მყოფი მალის, ბურკინა ფასოს, გვინეასა და კაბო-ვერდეს შეიარაღებული ძალებისა.


ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოებისთვის მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

10 აგვისტოს რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს და პრეზიდენტის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 11 აგვისტოს ECOWAS-ს მხარდაჭერა აფრიკის კავშირმაც გამოუცხადა.

კომენტარები