სამხედრო გადატრიალება ნიგერში

დასავლეთ აფრიკის სამხედროები ნიგერში შესაძლო ინტერვენციაზე დასკვნით შეხვედრას მართავენ

სამხედროები ნიგერში შესაძლო შეჭრის განსახილველ შეხვედრაზე ECOWAS-ის ჰიმნის დროს. 2023 წლის 17 აგვისტო
REUTERS/Francis Kokoroko

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები დღეს, 18 აგვისტოს ნიგერში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ განას დედაქალაქ აკრაში მეორე და დასკვნით მოლაპარაკებებს მართავენ.

ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრების დროს ნიგერში შესაძლო შეჭრის შემთხვევაში ლოგისტიკასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს განიხილავენ.

როგორც პოლიტიკის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ECOWAS-ის კომისარმა, აბდელ-ფატაუ მუსამ თქვა, სამხედრო ოპერაციაში ბლოკის თითქმის ყველა წევრის მონაწილეობას ელოდებიან, გარდა ასევე სამხედრო ხუნტების მმართველობის ქვეშ მყოფი მალის, ბურკინა ფასოს, გვინეასა და კაბო-ვერდეს შეიარაღებული ძალებისა.


ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოებისთვის მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

10 აგვისტოს რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს და პრეზიდენტის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 11 აგვისტოს ECOWAS-ს მხარდაჭერა აფრიკის კავშირმაც გამოუცხადა.

კომენტარები