რუსული კანონი

ჰერჩინსკი: გაიწვიეთ ეს კანონი

საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის. ევროკავშირის მხრიდან, შემიძლია დაგარწმუნოთ, ვთანხმდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგი დიდი გაფართოებისას, მივიღოთ საქართველო. ამ დროისთვის ათი ქვეყანაა, რომლებიც ამ პროცესს გადის. საქართველო მრავალი წელი ლიდერობდა ამ ჯგუფს. სამწუხაროდ, ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო, ვითარება გაურკვეველია.

[...]

რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მართლაც დააჩქარა მოვლენები. და შემდეგი დიდი გაფართოება მოხდება. თუ ჩემს პირად აზრს მკითხავთ, ვფიქრობ, ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რამდენიმე წლის საქმეა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საქართველო იქნება ამ მომდევნო დიდი გაფართოების ნაწილი და რომ საქართველოს არ მოუწევს დიდი გაფართოების კიდევ ერთი ტალღის ლოდინი, რომელსაც შესაძლოა მინიმუმ 20 წელი დასჭირდეს. ჩვენ ვსაუბრობთ თაობაზე ან თუნდაც თაობებზე.

[...]

მე ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები - რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ქართველმა ხალხმა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნიათ.

ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაში ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი.

[...]

ვხედავთ ყოყმანს, ეჭვებს, ფეხის ათრევას. კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს და ქართველების გადასაწყვეტია. დიახ, მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ გავხსენით ჩვენი კარები და გადავდივარ თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე: ვიმედოვნებთ, რომ არ გადავალთ ფორმულიდან - მეტი შედეგი მეტი ძალისხმევისთვის, ნაკლები შედეგი ნაკლებისთვის - ფორმულაზე, რადგან ეს საშინელ გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე.

და ვინ იქნება პირველი მსხვერპლი? უბრალო ხალხი, უბრალო ქართველს მოუწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების საფასურის გადახდა. ჩემი პასუხისმგებლობაა, არ დავუშვა, რომ ეს მოხდეს. ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყენო ყოველი შესაძლებლობა, რაც ჯერ კიდევ არსებობს, რათა არ გადავიდეთ მოვლენების ამ უარყოფით სპირალში, რომელიც რიგით ქართველს ძვირი დაუჯდება.

[...]

საქართველოს გადასაწყვეტია, შევა თუ არა ის ღია კარში. კარი ღიაა, თუმცა თქვენ მასში უნდა შეხვიდეთ.

ამ მიზნისთვის, თქვენ გჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს ნორმებსა და წესებს. კიდევ ერთხელ, თავად საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ კლუბის წევრობა სურს. ამ კლუბს გარკვეული წესები აქვს და მათი გათვალისწინება სჭირდება. როდესაც ხალხის სახეებს ვხედავ, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები, მათგან უამრავი ახალგაზრდაა, მომდევნო წლების განმავლობაში გახდებიან ევროკავშირის მოქალაქეები და ამ ოცნების ასახდენად კიდევ მრავალი თაობის განმავლობაში არ მოუწევთ მოცდა.

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები