ნიგერი

ნიგერის "ეროვნული საბჭოს" პრეზიდენტად თავი საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა გამოაცხადა

აბდურაჰმან ტჩიანი

ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი გამოაცხადა "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად".

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი ოთხშაბათის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

ტჩიანი ელიტურ დანაყოფს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა და წარმოშობით არის ტილაბერიდან, რომელიც ქვეყნის რეკრუტირების მთავარი რეგიონია. ის იყო ყოფილი პრეზიდენტის, მაჰამადუ ისუფუს ახლო მოკავშირე. ისუფუ ქვეყანას 2021 წლამდე მართავდა.

27 ივლისს ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში შეიკრიბნენ გადატრიალების მხარდამჭერები. როგორც მათი შეძახილებიდან ჩანდა, ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მხარდამჭერებიც იყვნენ და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ. შემდეგ მათ დაწვეს მანქანები და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის პარტიის სათავო ოფისი დაარბიეს.

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება გასულ დღეს გამოაცხადეს.

აჯანყებულებთან მოლაპარაკებებში ჩართული არის საფრანგეთი და ნიგერიაც.

2020 წლის შემდეგ ეს დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკის რეგიონში მომხდარი მეშვიდე სამხედრო გადატრიალებაა და შესაძლოა დასავლეთს გაურთულოს საჰელის რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა ჯიჰადიზმთან ბრძოლაში.

ამას გარდა, ნიგერი ევროკავშირისთვის იყო მნიშვნელოვანი მოკავშირე სუბსაჰარული აფრიკიდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მოქმედებაში. გასულ წელს საფრანგეთმა სამხედროები ნიგერიდან მალიში გადაიყვანა, როცა შუალედურ მთავრობასთან ურთიერთობა გაურთულდათ. მსგავსი დაძაბულობის დროს მათ ძალები ბურკინა ფასოდანაც გამოიყვანეს.

მას შემდეგ რაც ნიგერმა 1960 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ეს უკვე მეოთხე სამხედრო გადატრიალებაა. ბაზუმი იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი.

კომენტარები