სამხედრო გადატრიალება ნიგერში

საფრანგეთის ელჩი ნიგერის ხუნტას მხრიდან ზეწოლის მიუხედავად ქვეყანას არ ტოვებს

საფრანგეთის საელჩოსთან გამართული პროტესტის მონაწილეებმა საინფორმაციო დაფა ჩამოხსნეს და ზედ ფეხებით შედგნენ, 2023 წლის 30 ივლისი.
AFP

საფრანგეთის ელჩი სილვან იტი 25 აგვისტოს ხუნტას მიერ ქვეყნის დასატოვებლად მიცემული 48-საათიანი ვადის გასვლის მიუხედავად ჯერაც ნიგერის ქალაქ ნიამიში იმყოფება. გავრცელებულ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადასტურებს.

ვადის ამოწურვიდან რამდენიმე საათის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში შეკრებილი ელჩებისა და დისტანციურად დამსწრეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ნიგერის ამჟამინდელი ლიდერების ზეწოლის მიუხედავად ადგილზე დარჩენისათვის ის იტეს "ტაშს უკრავს".

"ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანაში, დაწყებული სუდანიდან და დამთავრებული ნიგერით, საფრანგეთი და მისი დიპლომატები განსაკუთრებით მძიმე სიტუაციებს შეეჩეხნენ". - დამატებით აღნიშნა მაკრონმა, მას შემდეგ რაც სილვან იტის საქციელი საჯაროდ შეაქო.


ნიგერის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუნტამ საფრანგეთის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება 25 აგვიტოს მიიღო და ფრანგ დიპლომატს, სილვან იტს ქვეყნის დასატოვებლად 2 დღე მისცა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ელჩის გაძევების გადაწყვეტილების მიზეზი ნაწილობრივ ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შეხვედრაზე მისი მიწვევის უპასუხოდ დატოვება იყო. გარდა ამისა, მათი შეფასებით, საფრანგეთის მთავრობის "სხვა ქმედებებიც" ნიგერის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საფრანგეთმა, და დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკურმა საზოგადოებამ (ECOWAS) ნიგერის ხუნტას არაერთხელ მოუწოდა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენისკენ, რომელიც თანამდებობიდან 26 ივლისს გადააყენეს და დღემდე აჯანყებულთა პატიმრობაში იმყოფება. მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ესაუბრა. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

ECOWAS-მა 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

კომენტარები