სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერის ხუნტამ საფრანგეთის ელჩს იმუნიტეტი გაუუქმა და პოლიციას მისი გაძევება დაავალა

AP Photo/Sam Mednick, File)

ნიგერის სამხედრო ხუნტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ელჩს, სილვან იტს დიპლომატიური იმუნიტეტი გაუუქმდა  და პოლიციას ქვეყნიდან მისი გაძევება დაევალა.

“იტი აღარ სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, რომლებიც საელჩოს დიპლომატიური პერსონალის სტატუსთან არის დაკავშირებული, ხოლო ელჩის ოჯახის წევრებს დიპლომატიური ბარათები და ვიზები გაუუქმდათ“. - წერია ნიგერის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ხუნტამ საფრანგეთის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება 25 აგვისტოს მიიღო და ფრანგ დიპლომატს, სილვან იტს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.

28 აგვისტოს ელისეს სასახლეში ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთის ელჩი ნიგერში, სილვან იტი ქვეყანაში დარჩებოდა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორია. ის ემყარება პრეზიდენტ ბაზუმის სიმამაცესა და ადგილზე ჩვენი ელჩის ერთგულებას, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების ყველა განცხადებისა და ზეწოლის მიუხედავად, პოსტზე რჩება". - თქვა მაკრონმა.

31 აგვისტოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ენ-კლერ ლეჟანდრმაც აღნიშნა, რომ გაძევების მუქარის მიუხედავად ელჩი ადგილზე რჩებოდა.

საფრანგეთმა ნიგერის ხუნტას არაერთხელ მოუწოდა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენისკენ. ქვეყანაში ამ დრომდე რჩება დაახლოებით 1500 ფრანგი ჯარისკაცი.


ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

10 აგვისტოს რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს და პრეზიდენტის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 11 აგვისტოს ECOWAS-ს მხარდაჭერა აფრიკის კავშირმაც გამოუცხადა.

19 აგვისტოს დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის დელეგაციასა და ნიგერის სამხედრო ხუნტას შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რომელმაც თითქმის არანაირი შედეგი არ გამოიღო.

25 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგერის ხუნტამ მეზობელ სახელმწიფოებთან, მალისთან და ბურკინაფასოსთან სამხედრო ალიანსი შექმნა და შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა.

კომენტარები