სამხედრო გადატრიალება ნიგერში

გაეროს ასამბლეაზე ნიგერიის პრეზიდენტმა ნიგერში დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა

ნიგერიის პრეზიდენტი, ბოლა ტინუბუ
Temilade Adelaja/Reuters

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა ტინუბუმ თქვა, რომ ის მიზნად მეზობელ ნიგერში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასა და იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ისახავს, რომელიც სამხედრო გადატრიალებამ გამოიწვია.

ტინუბუმ, რომელიც დასავლეთ აფრიკის მთავარი ბლოკის, ECOWAS-ის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს, ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე ნიგერის ხუნტა მოძალადე ექსტრემისტებად მოიხსენია და მათ ქმედებებზე ისაუბრა. ასევე, მან დასავლეთ აფრიკის რეგიონში არსებული მდგომარეობა და დემოკრატიული წესრიგის აღდგენის მიზნით ბლოკის გეგმები მიმოიხილა. 

"ნიგერთან დაკავშირებით სამხედრო ლიდერებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. როგორც ECOWAS-ის თავმჯდომარე, მე ვცდილობ, დავეხმარო დემოკრატიული მმართველობის აღდგენის პროცესს იმგვარად, რომ ამან უპასუხოს ამ ერის წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, მათ შორის მოძალადე ექსტრემისტებს, რომლებიც რეგიონში არასტაბილურობის გაღვივებას ცდილობენ". - თქვა ტინუბუმ.

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს და ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი დააკავეს.  28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

2020 წლიდან დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში რვა გადატრიალება მოხდა. ბოლო გადატრიალება გაბონში 30 აგვისტოს მოაწყვეს, როცა სამხედროებმა საზღვრები ჩაკეტეს და არჩევნების შედეგები უარყვეს. 

კომენტარები