სამხედრო გადატრიალება ნიგერში

საფრანგეთის ელჩი ნიგერში დარჩება – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში გამართული ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 28 აგვისტო.
TERESA SUAREZ/Pool via REUTERS

28 აგვისტოს ელისეს სასახლეში ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთის ელჩი ნიგერში, სილვან იტი ქვეყანაში დარჩება.

თავის სიტყვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიგერის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, მუჰამედ ბაზუმს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორია. ის ემყარება პრეზიდენტ ბაზუმის სიმამაცესა და ადგილზე ჩვენი ელჩის ერთგულებას, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების ყველა განცხადებისა და ზეწოლის მიუხედავად, პოსტზე რჩება". - თქვა მაკრონმა.

ნიგერის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუნტამ საფრანგეთის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება 25 აგვისტოს მიიღო და ფრანგ დიპლომატს, სილვან იტს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.


ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოებისთვის მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

10 აგვისტოს რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს და პრეზიდენტის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 11 აგვისტოს ECOWAS-ს მხარდაჭერა აფრიკის კავშირმაც გამოუცხადა.

18 აგვისტოს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა ნიგერში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ განას დედაქალაქ აკრაში მეორე და დასკვნით მოლაპარაკებები გამართეს.

19 აგვისტოს დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის დელეგაციასა და ნიგერის სამხედრო ხუნტას შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რომელმაც თითქმის არანაირი შედეგი არ გამოიღო.

25 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგერის ხუნტამ მეზობელ სახელმწიფოებთან, მალისთან და ბურკინა ფასოსთან სამხედრო ალიანსი შექმნა და შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა.

კომენტარები