NATO-შვედეთი

სუნაკი NATO-ში შვედეთის შესვლის შესახებ ერდოღანის თანხმობაზე: NATO-სთვის ისტორიული მომენტია

რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას ისტორიული მომენტი უწოდა. ამის შესახებ იგი Twitter-ზე წერს. 

"NATO-სთვის ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის.

მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას". - წერს სუნაკი.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა

აღსანიშნავია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ივლისს ამბობდა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "გზას გაუხსნიდნენ". 

თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მის ევროკავშირში შესვლას ქვეყანაში არსებული დემოკრატიის უკუსვლა და ევროკავშირის წევრ კვიპროსთან დავა აფერხებს.

ევროკომისიაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი ცალკეული და პარალელური პროცესია.

"ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მათაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. 

თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი. თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია". - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა დანა სპინანტმა.

აქამდე თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავდა, რადგან ერდოღანის განცხადებით, სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. ამასთან, სტოკჰოლმში ანტი-თურქულმა და ანტიისლამურმა პროტესტებმა გააჩინა ეჭვი, რომ შეთანხმების მიღწევა ალიანსის სამიტამდე იქნებოდა შესაძლებელი. NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები