რაჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დავუჭერთ, თუ EU-ში ჩვენ შესვლას დაუშვებენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Adem Altan/AFP

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "გზას გაუხსნიან". 

"უკვე 50 წელზე მეტია, რაც თურქეთი ევროკავშირის კართან იცდის. NATO-ს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა ევროკავშირის წევრია. მე მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროკავშირის კართან ალოდინებენ - მოდით და გახსენით გზა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. როდესაც თქვენ გზას გაუხსნით თურქეთს, ჩვენ შვედეთს გავუხსნით გზას, როგორც ეს გავაკეთეთ ფინეთისთვის". - თქვა ერდოღანმა. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მის ევროკავშირში შესვლას ქვეყანაში არსებული დემოკრატიის უკუსვლა და ევროკავშირის წევრ კვიპროსთან დავა აფერხებს.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავს, რადგან ერდოღანის თქმით, შვედეთმა ქურთი ბოევიკებისა და სხვა ჯგუფების მიმართებით მეტად მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. ოფიციალური ანკარას განცხადებით, სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. ამასთან, სტოკჰოლმში ანტი-თურქულმა და ანტიისლამურმა პროტესტებმა გააჩინა ეჭვი, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ალიანსის სამიტამდე. NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11 და 12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები