NATO-შვედეთი

უნგრეთის პრეზიდენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმს მოაწერა ხელი

NATO-შვედეთის დროშები
REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

უნგრეთის პრეზიდენტმა ტომას შუიოკმა ხელი მოაწერა ოქმს, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას გულისხმობს. ამგვარად, შვედეთს NATO-ს გზაზე ყოველგვარი დაბრკოლება ეხსნება და რამდენიმე დღეში ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდება.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა სტოკჰოლმში განაცხადა, რომ "ეს უზარმაზარი მნიშვნელობისაა და იმედია, ჩვენ წევრი გავხდებით და ეს კვირების ნაცვლად, დღეებში გადაწყდება".

"ეს კარგი იქნება შვედეთისთვის და კარგი იქნება NATO-სთვის. ის, რომ შვედეთი შეძლებს, NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს, მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის იქნება კარგი". - თქვა მან.

შვედეთს NATO-ში საბოლოოდ მისაღებად ახლა მხოლოდ რამდენიმე ფორმალური პროცესი დარჩა, როგორიცაა მიღების დოკუმენტების ვაშინგტონში გაგზავნა, რას, დიდი ალბათობით, მალევე დასრულდება.

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღებას მხარი 26 თებერვალს დაუჭირა, რასაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და თქვა, რომ "შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის".

შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო 18 თვე გახანგრძლივდა. თურქეთმა რატიფიცირების გადაწყვეტილება 24 იანვარს მიიღო.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესისთვის მხარი ბლოკის 31-ვე წევრს უნდა დაეჭირა. თურქეთის მიერ მიღების პროტოკოლის რატიფიკაციის შემდეგ, წევრობამდე გზაზე შვედეთს დაბრკოლების სახით მხოლოდ უნგრეთი რჩებოდა.

კომენტარები