შვედეთი-NATO

სტოლტენბერგის თქმით, ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა

Twitter / იენს სტოლტენბერგი 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. ამის შესახებ იგი Twitter-ზე წერს.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, შეხვედრის შემდეგ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან და შვედეთის პრემიერთან ერთად ვმასპინძლობდი, პრეზიდენტი ერდოღანი შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის რაც შეიძლება მალე გადაგზავნას და რატიფიკაციის უზრუნველყოფას დათანხმდა.  

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს ხდის". - წერს იენს სტოლტენბერგი. 

ამასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარკებების შედეგად შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

"დღეს საღამოს ვილნიუსში, მოლაპარკებების შემდეგ  თურქეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რატიფიკაცია მალე დაიწყება. 

პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს". - წერს ბილსტრომი Twitter-ზე. 

თურქეთსა და შვედეთს შორის წარმატებულ მოლაპარაკებებს ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტოც გამოეხმაურა.

"მე ხშირად მითქვამს, რომ შვედეთის გარეშე ფინეთის NATO-ში გაწევრიანება სრულყოფილი არ არის. შვედეთთან ერთად მთელი ალიანსი გაძლიერდება". - წერს ნიინისტო. 

აღსანიშნავია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ივლისს ამბობდა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "გზას გაუხსნიდნენ". 

თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მის ევროკავშირში შესვლას ქვეყანაში არსებული დემოკრატიის უკუსვლა და ევროკავშირის წევრ კვიპროსთან დავა აფერხებს.

ევროკომისიაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი ცალკეული და პარალელური პროცესია.

"ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მათაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. 

თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი. თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია". - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა დანა სპინანტმა.

აქამდე თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავდა, რადგან ერდოღანის განცხადებით, სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. ამასთან, სტოკჰოლმში ანტი-თურქულმა და ანტიისლამურმა პროტესტებმა გააჩინა ეჭვი, რომ შეთანხმების მიღწევა ალიანსის სამიტამდე იქნებოდა შესაძლებელი. NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები