NATO-შვედეთი

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და ვიცეპრემიერი, ზოლტ სემიენი პარლამენტში, შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიკაციის კენჭისყრამდე, 2024 წლის 26 თებერვალი
REUTERS/Bernadett Szabo

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებით სკანდინავიურ ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე ბოლო დაბრკოლებაც მოეხსნა.

გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა, მოჰყვა 23 ნოემბერს უნგრეთში შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის ვიზიტს, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოეწერა ხელი.

"დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზადაა, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე თავისი პასუხისმგებლობა აიღოს". - დაწერა კრისტერსონმა X-ზე კენჭისყრის შემდეგ.

უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც. მისი თქმით, "შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის".

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სკანდინავიურმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა თავიანთი პოლიტიკა შეცვალეს და NATO-ში გაწევრიანებისთვის განაცხადები შეიტანეს.

შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო 18 თვე გახანგრძლივდა. თურქეთმა რატიფიცირების გადაწყვეტილება 24 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესისთვის მხარი ბლოკის 31-ივე წევრს უნდა დაეჭირა. თურქეთის მიერ მიღების პროტოკოლის რატიფიკაციის შემდეგ, წევრობამდე გზაზე შვედეთს დაბრკოლების სახით მხოლოდ უნგრეთი რჩებოდა.

ფინეთთან ერთად შვედეთის - რომელიც კონფლიქტში 1814 წლის შემდეგ არ ყოფილა - NATO-ში გაწევრიანება 1990-იანი წლებიდან ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება.

კომენტარები