თურქეთი

ევროკომისიაში ერდოღანის საპასუხოდ აღნიშნავენ, რომ NATO-სა და EU-ს გაფართოება ცალკეული პროცესებია

ევროკომისიაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი ცალკეული და პარალელური პროცესია.

"ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მათაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. 

თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი. თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია". - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა დანა სპინანტმა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "გზას გაუხსნიან". 

"უკვე 50 წელზე მეტია, რაც თურქეთი ევროკავშირის კართან იცდის. NATO-ს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა ევროკავშირის წევრია. მე მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროკავშირის კართან ალოდინებენ - მოდით და გახსენით გზა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. როდესაც თქვენ გზას გაუხსნით თურქეთს, ჩვენ შვედეთს გავუხსნით გზას, როგორც ეს გავაკეთეთ ფინეთისთვის". - თქვა ერდოღანმა. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მის ევროკავშირში შესვლას ქვეყანაში არსებული დემოკრატიის უკუსვლა და ევროკავშირის წევრ კვიპროსთან დავა აფერხებს.

კომენტარები