პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინი: დაშლას გვიპირებდნენ, ტექნიკას ვტვირთავდით საჯაროდ გადასაცემად, როცა დაგვარტყეს

ევგენი პრიგოჟინი როსტოვში, 24 ივნისი, 2023.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისის მოვლენების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 11-წუთიანი ჩანაწერი, რომელშიც რუსი ოლიგარქი გასული დღეების არეულობის დაწყების მიზეზებზე საუბრობდა.

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაგნერის ჯგუფს 1-ელი ივლისისთვის არსებობა უნდა შეეწყვიტა, რაც, მისი თქმით, "დაუფიქრებელი" და "ინტრიგული" იყო. მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჯგუფის მცირე ნაწილი, დაახლოებით 2% გადავიდა.

"კსკ ვაგნერი არის ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი დანაყოფი რუსეთში და შეიძლება მსოფლიოშიც. მოტივირებულები, დამუხტული მებრძოლები, რომლებიც ასრულებდნენ დავალებების დიდ რაოდენობას რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის, ყოველთვის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის აფრიკაში, არაბულ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში.

ბოლო დროს ამ დანაყოფმა მიაღწია კარგ შედეგებს უკრაინაში, ძალიან სერიოზული დავალებების შესრულებით. ინტრიგების, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების შედეგად ამ დანაყოფს არსებობა უნდა შეეწყვიტა 2023 წლის 1-ელ ივლისს. შეიკრიბა მეთაურთა საბჭო, რომელმაც მებრძოლებს ინფორმაცია მიაწოდა. არავინ დათანხმდა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელმოწერას, რადგან ყველამ კარგად იცის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ეს მიიყვანდათ ბრძოლისუნარიანობის სრულ დაკარგვამდე... ის მებრძოლები, რომლებმაც გადაწყვიტეს გადასულიყვნენ თავდაცვის სამინისტროში, გადავიდნენ, მაგრამ ეს მინიმალური რაოდენობაა, 2%-მდე. ყველა არგუმენტი, რომ კსკ ვაგნერის მთლიანობა და დაცულობა შენარჩუნებულიყო, გამოვიყენეთ, მაგრამ არც ერთის რეალიზება მოხდა". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი ირწმუნება, რომ ცუდი განწყობისა და კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ძალები აპირებდნენ, რომ, თუ თავდაცვის უწყება 1-ელ ივლისამდე გადაწყვეტილებას ვერ გამონახავდა, 30 ივნისს ვაგნერელები ტექნიკას როსტოვში კოლონებად გაიტანდნენ და თავდაცვის სამინისტროს საჯაროდ გადასცემდნენ. ამას გარდა, როგორც პირგოჟინმა აღნიშნა, ვაგნერის ბანაკზე მიტანილ იერიშს 30-მდე მებრძოლი ემსხვერპლა. ეს თავდასხმა, მისი მტკიცებით, მოვლენების მთავარი გამომწვევი გახდა.

"ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავით იმის, რისი გაკეთებაც უნდოდათ. ამასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში გადასვლის გადაწყვეტილება, კსკ ვაგნერის დახურვასთან დაკავშირებით ჩვენი განწყობის გათვალისწინებით, ყველაზე შეუსაბამო დროს მიიღეს. ამის მიუხედავად, ტექნიკა სატვირთოებზე დავაწყვეთ, მოვაგროვეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, ვქენით ინვენტარიზაცია და ვაპირებდით, თუ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, როსტოვში კოლონებად გავსულიყავით 30 ივნისს და საჯაროდ გადაგვეცა ტექნიკა შტაბის მიმდებარედ. იმის მიუხედავად, რომ არანაირი აგრესია გამოგვივლენია, ჩვენზე სარაკეტო იერიში მიიტანეს და ამის შემდეგ ვერტმფრენებმა დაგვამუშავეს. კსკ ვაგნერის დაახლოებით 30 მებრძოლი მოკვდა. ზოგიერთი დაიჭრა. ეს გამოდგა გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ მეთაურთა საბჭომ დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წინსვლასთან დაკავშირებით".  – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა ხაზი გაუსვა, რომ აგრესიის გამოყენებისგან უარს ამბობდა, თუ არ გადაეღობებოდნენ. მან აღნიშნა, რომ თავდასხმას განადგურების მცდელობად აღიქვამდა და პასუხს გასცემდა. მისივე მტკიცებით, ხმელეთზე არც ერთი ჯარისკაცი არ მომკვდარა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ვერტმფრენები და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

"ვწუხვართ, რომ იძულებული ვიყავით მიგვეტანა იერიშები საჰაერო საშუალებებზე, მაგრამ ისინი ბომბებს ყრიდნენ და სარაკეტო იერიშები მოჰქონდათ". – თქვა პრიგოჟინმა.

ამას გარდა, პრიგოჟინის მტკიცებით მის მხარეს მოკვდა მხოლოდ 2 სამხედრო, რომლებიც მათ მხარეს თავდაცვის სამინისტროდან გადმოვიდნენ.

პრიგოჟინის თქმით, მისი მებრძლები გაჩერდნენ მაშინ, როცა მოსკოვიდან 200 კილომეტრი აშორებდათ და არტილერია განალაგეს, გარემო დაზვერეს, რის შედეგადაც "ცხადი იყო, რომ ამ მომენტში უამრავი სისხლი დაიღვრებოდა".

ვაგნერის დამფუძნებელი ამბობს, რომ სწორედ ამ დროს ჩათვალეს, თითქოს მათ შეძლეს იმის დემონსტრაცია რაც უნდოდათ. ის ირწმუნება, რომ უკან დაბრუნებას ორი ფაქტორი ჰქონდა: სისხლისღვრის არიდება და პროტესტის დემონსტრირების შესრულება. მისივე თქმით, მიზანი ხელისუფლების შეცვლა არ ყოფილა.

"ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის, რისი დემონსტრაციაც გვინდოდა, საკმარისია. მობრუნების გადაწყვეტილებას 2 მნიშვნელ ფაქტორი ჰქონდა. ეს არის ის, რომ არ გვინდოდა რუსული სისხლის დაღვრა. მეორე ფაქტორი - ჩვენ მივდიოდით ჩვენი პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ქვეყანაში ხელისუფლების გადაგდებისთვის". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, სწორედ ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაიწყო შუამავლობა და შეთანხმების შემდეგ ვაგნერელები უკან მობრუნდნენ.

რუსმა ოლიგარქმა ხაზი გაუსვა, რომ მოვლენებმა რუსეთის თავდაცვის პრობლემები გამოავლინა. ამას გარდა, მისი თქმით, ადგილობრივები ვაგნერელებს სიხარულით ხვდებოდნენ. მისი აზრით, სწორედ ამ ფორმის უნდა ყოფილიყო უკრაინაში შეჭრა. 


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდავაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, საველე ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები