პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინი: გაფრთხილებთ, გარშემო ყველაფერს გავანადგურებთ

TELEGRAM/@concordgroup_official/AFP/Getty Images

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის ყველაფრის განადგურებით იმუქრება.

ახალ ჩანაწერში ის ირწმუნება, რომ მისმა ძალებმა მოსკოვის ტრასაზე კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

"მოსკოვის ტრასაზე ერთ-ერთ მოიერიშე დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს ვერტმფრენებიდან. კსკ ვაგნერის ქვედანაყოფში ყველა კარგადაა, ვერტმფრენი განადგურებულია, იწვის ტყისპირას. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, ჩვენ მივიღებთ საფრთხედ და გავანადგურებთ ყველაფერს გარშემო. ჩვენ განადგურებას ვერ შეძლებენ. ჩვენ გვაქვს მიზნები. ყველა მზად ვართ სიკვდილისთვის. ყველა 25 000. ამის შემდეგ კიდევ 25 000. რადგან ჩვენ ვიხოცებით სამშობლოსთვის, რუსი ხალხისთვის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს იმ ხალხისგან, ვისაც იერიშები მიაქვს მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელზეც ახლახანს როსტოვში ვერტმფრენებიდან იერიშები მიჰქონდათ. ФСБ-ს ერთ-ერთმა პილოტმა უარი თქვა აფრენასა და იერიშების მიტანაზე". – თქვა პრიგოჟინმა.

აქამდე ცოტა ხნით ადრე პრიგოჟინი კიდევ ერთი ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ იუწყებოდა. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ კადრებში ჩანდა, სავარაუდოდ, ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარის გაშვება ვერტმფრენის მიმართულებით. ვიდეო, სოციალური მედიის ცნობით, როსტოვშია გადაღებული.

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

კომენტარები