რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სამწუხაროდ, პირველები კვდებიან" – პუტინი ჩრდილიდან გამოსულ "ეფექტიან" ხალხზე საუბრობს

Getty Images

13 ივნისს, როცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სამხედრო კორესპონდენტებს შეხვდა და მათთან უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობდა, მან გააკეთა ერთი ორაზროვანი, ირონიული კომენტარი.

პუტინის მუქარა?

შეხვედრის დროს ერთ-ერთი პროპაგანდისტი, სემიონ პეგოვი, რომელიც ცნობილია ტელეგრამ-არხი WarGonzo-თი, პუტინს ესაუბრებოდა ე.წ. "პარკეტის გენერლებსა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებული ბიუროკრატიული სისტემის პრობლემებზე. მისი თქმით, ახლა ბევრი ნიჭიერი ადამიანი არსებობს, რომლებსაც ეს სისტემა მაღლა არ უშვებს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებამდე, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, "პარკეტის" ხალხი ძალიან ბევრი იყო... დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მალე დაიწყეს გაგება,  რომ "პარკეტის გენერლები" - ასეთები კი მსოფლიოს ნებისმიერ არმიაში მშვიდობიანი დროის კვალობაზე საჭიროზე მეტნი არიან, - ისინი, რბილად რომ ვთქვა, არაეფექტიანები არიან". – თქვა პუტინმა და ირონიული კომენტარიც მოაყოლა.

"და პირიქით, აქ თქვენ მართალი ხართ სემიონ ვლადიმიროვიჩ, დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ – ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ – აი უბედურება რაშია". – თქვა პუტინმა წინადადების ბოლო ნაწილი ირონიული ტონით.

პუტინის მიერ დახასიათებული "ჩრდილში მსხდომი" და "ეფექტიანი" ადამიანების აღწერა წააგავს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის პიროვნებას. იმ მსგავსების გარდა, რომ პრიგოჟინი 2022 წლის სექტემბრამდე ვაგნერთან კავშირებს უარყოფდა, საჯარო აქტიურობითაც არ გამოირჩეოდა, ახლა კი თავის ძალებს რუსეთის ერთადერთ ეფექტიან ძალას უწოდებს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პეგოვის მიერ პუტინთან წამოჭრილ თემას რუსი ოლიგარქი საკუთარ პროპაგანდაში იყენებს, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს ხოლმე. პრიგოჟინს თავადვე არაერთხელ უხმარია ფრაზა "პარკეტის გენერლები".

რაც შეეხება თავად პეგოვს, მას პრიგოჟინთან გარკვეული კავშირები აქვს და ფაქტობრივად მედიაშ წარმოებულ კამპანიაში დაეხმარა კიდეც, როცა აპრილის ბოლოს, როცა ოლიგარქი თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებით აკრიტიკებდა, საკუთარ გადაცემაში მოიწვია.

პუტინი კონტრაქტის საჭიროებაზე

ამას გარდა, ამავე შეხვედრაზე პუტინმა ისაუბრა "მოხალისეობრივ რაზმებსა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტის გაფორმების აუცილებლობაზე, ასევე მსგავს გაერთიანებებთან დაკავშირებით კანონის ცვლილებაზეც. 

"პირველი რაც უნდა გაკეთდეს: გაფორმდეს კონტრაქტი ყველა მოხალისეობრივ გაერთიანებასთან, სხვაგვარად სახელმწიფოს მხრიდან სოციალური გარანტიები არ ჩნდება. და მეორე: საჭიროა კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ერთიც და მეორეც გაკეთდება". – თქვა პუტინმა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფორმებს კონტრაქტებს მათთან, ვისაც ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში მსახურობის გაგრძელება სურთ.

პუტინის მიერ ამ ყველაფერზე ხაზგასმა რამდენიმე დეტალის გამო არის მნიშვნელოვანი.

აქამდე, გასულ დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელი ივლისისთვის ყველა "მოხალისეთა რაზმებმა" უნდა გააფორმოს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. პანკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ "მოხალისეობრივ დანაყოფებს" სამართლებრივი სტატუსი მიანიჭონ. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს, რომ მსგავსი დანაყოფები დააკომპლექტონ როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე "მოხალისეებით". პანკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "მოხალისეებს" შეეძლებათ ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმება როგორც მოხალისეობრივ დანაყოფებთან ან თავდაცვის სამინისტროსთან. ამ ცნობასთან დაკავშირებით პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი ჯგუფი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

აღსანიშნავია, რომ მედიაკამპანიის ფონზე, გასულ წელთან შედარებით პრიგოჟინის პოპულარობა იზრდება. არსებობს ვარაუდი, რომ პრიგოჟინი პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. თავად პრიგოჟინი ამბობს, რომ ის პუტინის ერთგულია.


გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები