ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი ოფიცრის, მარკ ჰეტლინგის თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები გავლენას იქონიებს რუსეთთან ასოცირებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ გენერალმა CNN-თან ისაუბრა.
"მე მოველი, რომ ზუსტად ეს მოხდება" – ასე პასუხობს ჰეტლინგი ჟურნალისტის კითხვას - "როგორც იცით, კრემლი უკვე ესაუბრა რამდენიმე მეზობელი სახელმწიფოს ლიდერს, მათ შორის ბელარუსის, უზბეკეთისა და ყაზახეთის. არსებობს იმის საფრთხე, რომ არეულობამ რუსეთის ფედერაციაში პუტინის არაფორმალურ მოკავშირე სახელმწიფოებშიც გადაინაცვლოს?"
მეთაურის განმარტებით, სულ უფრო მცირდება რუსეთის მოკავშირეების რწმენა, რომ ის სანდო პარტნიორია და რუსეთთან ასოცირებული ყველა სახელმწიფო პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
"როცა ევროპაში მეთაური ვიყავი, სწორედ ამას ვაკვირდებოდით. მოსკოვის ქმედებები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა ისეთ ადგილებზე, როგორიც არის თბილისი საქართველოში ან სხვა.
თქვენ იცით, რომ ისინი რუსეთის, პუტინის გავლენის ქვეშ არიან. ფაქტობრივად, რუსეთის მიერ განლაგებული და მობილიზებული ჯარისკაცებიდან ბევრი სწორედ ამ ადგილებიდან ჩამოვიდა. ისეთ ადგილებში, როგორიცაა ყველაზე მტკივნეული ლუკაშენკოს მართული ბელარუსი, ახლა გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ მთავრობის მხარდაჭერა, რადგან ეს უკანასკნელი თითქოს იწყებს ნგრევას და ხდება უფრო დისფუნქციური, ვიდრე აქამდე იყო. დიახ, ვივარაუდებ, რომ რუსეთთან ასოცირებული ქვეყნები, ალბათ, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან". – თქვა ჰეტლინგიმ.
23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.
"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".
პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.
მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.





